თბილისი, 25 მაისი – Sputnik. პოპულარული ბლოგერები და დიდი აუდიტორიის მქონე სოციალური ქსელების მომხმარებლები ჩაერთვებიან ქვეყანაში ტურისტების მოზიდვაში – ისინი თავიანთ ხელმომწერებს საქართველოს გააცნობენ, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ცნობილ ბლოგერებსა და ინფლუენსერებს უმასპინძლებს.
პროექტის „ციფრული დღეები საქართველოში“ ფარგლებში Facebook-ის, Instagram-ის, Youtube-ისა და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტური მოეწყობა.
საქართველოში მოწვეულია 20-მდე ბლოგერი. ისინი ეწვევიან: თბილისს, გუდაურს, სტეფანწმინდას, თრუსოს ხეობას, ქუთაისს, პრომეთეს მღვიმეს, ბათუმს, მესტიას და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს.
პრეს-ტურის მონაწილეები სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სათავგადასავლო, ეკოლოგიურ, კულტურულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს.
პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში საქართველოს მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ ასობით ისტორია მომზადდება. შექმნილი მედიაპროდუქტი ამერიკულ პლატფორმა Steller-ზეც განთავსდება.
ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას.
Steller-მა მსგავსი კამპანია 2019 წელს ირლანდიაში გამართა, შედეგად – ქვეყანას სოციალურ ქსელებში 72 მილიონი ნახვა და რეაქცია ჰქონდა.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.