„შოკისმომგვრელი აქტი“: ვაშინგტონი თვითმფრინავის ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს – ვიდეო

© photo: Pixabay / promil69Ryanair-ის თვითმფრინავი
Ryanair-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
გამოწერა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, მინსკის რეჟიმის შოკისმომგვრელმა აქტმა საფრთხე შეუქმნა 100-ზე მეტი მგზავრის სიცოცხლეს.

თბილისი, 24 მაისი − Sputnik. ვაშინგტონი გმობს ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინციდენტს და მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ბელარუსში ექსტრემისტულად აღიარებული ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

​„აშშ მტკიცედ გმობს თვითმფრინავის კურსის იძულებით შეცვლას ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის და ასევე მინსკში ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, − ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.  

ბლინკენის თქმით, რეჟიმის შოკისმომგვრელმა აქტმა საფრთხე შეუქმნა 120 მგზავრის, მათ შორის, შეერთებული შტატების მოქალაქეების სიცოცხლეს.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თავდაპირველი ინფორმაცია ოპერაციაში „ბელარუსის სპეცსამსახურების ჩართულობისა და ასევე სამხედრო თვითმფრინავის მიერ სამგზავრო ბორტის გაცილების თაობაზე ღრმა შეშფოთებას იწვევს და ის სრულ გამოძიებას მოითხოვს“.  

ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, აშშ და ევროკავშირი მხარს უჭერენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს მოწვევას „იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი ცრუ ინფორმაციის საფუძველზე დაჯდა“.

Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, საგანგებო რეჟიმში დაჯდა მინსკის აეროპორტში ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ მიღებული ცნობის გამო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ გამნაღმველები, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ბელარუსელი უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული თვითმფრინავით მგზავრობდა ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი − ბელარუსში ექსტრემისტულად აღიარებული Telegram-არხ Nexta-ს დამაარსებელი და ასევე ექსტრემისტულად ცნობილი ტელეგრამ-არხ Беларусь головного мозга-ს მთავარი რედაქტორი, რომელიც მინსკის აეროპორტში დააპატიმრეს. პროტასევიჩი რესპუბლიკაში ტერორიზმთან დაკავშირებული პირების სიაშია შეყვანილი. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლითაა აღძრული, მათ შორის, „მასობრივი არეულობის ორგანიზების“ მუხლით. მას შესაძლოა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0