თბილისი, 24 მაისი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიულ „შტურმთან“ კონტრაქტს, სავარაუდოდ, გაგრძელებს, იუწყება გამოცემა Spox.
დასრულებული სეზონის შედეგებით, „შტურმმა“ ავსტრიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და UEFA-ს ევროპის ლიგაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. შესაბამისად, კლუბს დამატებითი დაკომპლექტება დასჭირდება.
„შტურმის“ სპორტულ დირექტორს ანდრეას შიკერს იმედი აქვს, რომ კიტეიშვილი გუნდთან კონტრაქტს გააგრძელებს.
„ძალიან გვინდა, რომ ოთარი ჩვენს კლუბში დარჩეს. ის გუნდის მადლიერია და მან იცის, რომ თავის დროზე მის ტრანსფერში საკმაო თანხა გადავიხადეთ“, - განაცხადა შიკერმა.
კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ნახევარმცველი ავსტრიულ კლუბში თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელის ტრანსფერი „შტურმს“ 760 ათასი ევრო დაუჯდა.
კიტეიშვილმა კლუბში 96 მატჩი გამართა, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.