კახა კალაძე: საქართველოში ბევრი ჰესი უნდა აშენდეს
„რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნეს გამოყენებული ის რესურსები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია, იმისათვის რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ იყვნენ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტრონერგიაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კვირას თბილისში საპროტესტო აქციაზე „ნამახვანჰესის" მშენებლობის ათასობით მოწინააღმდეგე შეიკრიბა. მათ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და საკუთარი მოთხოვნების შესრულება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მთავრობისაგან თურქულ კონტრაქტორ კომპანია ENKA-სთან რიონზე ჰესის მშენებლობის შესახებ კონტრაქტის გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივად გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.