თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავტოიმპორტიორ კომპანიებს, რომლებმაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ვადის გადავადებით ისარგებლეს, შეახსენებს, რომ აღნიშნული ვადა 31 მაისს იწურება.
სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია 1 ივნისამდე განახორციელოს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე საქართველოში შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტი, ან სხვა საბაჟო პროცედურები. შეღავათი დაახლოებით 19 ათას ავტომობილს ეხება.
დეკლარირებული ვადების დარღვევის შემთხვევაში თითოეულ დაგვიანებულ დღეზე ჯარიმა იქნება 50 ლარი. ასევე პირს განესაზღვრება 30 კალენდარული დღე ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რაც შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებას სჭირდება.
თუ ავტომობილის მფლობელი ამას არ გააკეთებს, ის ხელმეორედ დაჯარიმდება განბაჟების თანხის ორმაგი რაოდენობით.
კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის ტერიტორიაზე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა – ავტოიმპორტიორებს ამ პროცედურების გასავლელად როგორც მინიმუმ 11 თვე ჰქონდათ, ნაცვლად ორისა.