ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, პროტესტის 209−ე დღეს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ დედაქალაქში. მანამდე აქტივისტები აქციებს მართავდნენ რიონის ხეობაში, სადაც იგეგმება კიდეც სადგურის აგება, და ასევე ქუთაისში.
აქციის ერთ−ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ „სახელმწიფო ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს“.
კერძოდ, პროტესტანტებმა ხელისუფლებას წაუყენეს ულტიმატუმი: თუ 24 მაისის 12 საათამდე მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისის პარალიზებას მოახდენენ.
აქტივისტების მოთხოვნები ასეთია: გაუქმდეს ხელშეკრულება და კონტრაქტი საქართველოს მთავრობასა და კომპანია−კონტრაქტორ ENKA−ს შორის ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, და ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
იმერეთში ნამახვანი ჰესის კასკადის პროექტი ერთ−ერთი ყველაზე სკანდალურია ბოლო პერიოდში. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა უკვე გამოიწვია პროტესტის ტალღა. ქუთაისში გამართული მასობრივი პროტესტების შემდეგ, აქტივისტებმა რეგიონები მოიარეს, რათა ხალხის მობილიზება მოეხდინათ თბილისის მასშტაბური აქციისთვის.
საქართველოს მთავრობამ, საზოგადოების ზეწოლით, 24 აპრილს 9−12 თვით მორატორიუმი გამოაცხადა ნამახვანი ჰესის მშენებლობაზე. ხელისუფლება ირწმუნება, რომ მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევები თავიდან არ დამტკიცდება. თურქულ კომპანია ENKA−სთან კონტრაქტი კი შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.