თბილისი, 23 მაისი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის“ შესაძლო შემთხვევების შესწავლა მიმდინარეობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, „ინდური შტამის“ სავარაუდო შემთხვევებს ლუგარის ლაბორატორია სწავლობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევა, საბოლოო პასუხი სპეციალისტებმა ჯერ არ იციან.
„უკვე ყველგან არის შესაძლებელი გამოვლინდეს „ინდური შტამი“, საქართველო გამონაკლისი არ არის. უახლესი პროგნოზით, თანდათან შესაძლებელია ევროპაში „ბრიტანული შტამი“ ჩაანაცვლოს „ინდურმა შტამმა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
„ინდური შტამის“ გავრცელების ტემპი მისი მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ასევე ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომელთაც უკვე გადაიტანეს COVID-19.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვირუსები ხშირად განიცდიან მუტაციას, თუმცა ეს, როგორც წესი, არ იწვევს ზიანის მატებას ან დაავადების დამძიმებას.
ამის მიუხედავად, „ინდური შტამის“ ზოგიერთი მუტაცია ვირუსს უფრო გადამდებს ხდის და სიკვდილობის მაჩვენებლითაც აღემატება დანარჩენ შტამებს.
ორმაგი მუტაცია აღმოჩენილია ცილის საკვანძო ზონებში – ვირუსის იმ ნაწილში, რომლის დახმარებითაც ის ადამიანის უჯრედებში აღწევს. ამ მუტაციას შეუძლია იმუნური სისტემის გვერდის ავლა, რაც მას უფრო სახიფათოს ხდის, აღნიშნავენ ექსპერტები. ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში გამოვლენილია შტამი სამმაგი მუტაციით.