თბილისი, 23 მაისი – Sputnik. დასავლეთ ინდოეთში ათასობით ადამიანს ერთი ან ორი თვალის ამპუტაცია გაუკეთეს „შავი სოკოთი“ (იგივე მუკორმიკოზით) ინფიცირების შემდეგ, წერს The Daily Star.
აღნიშნული სოკო, რომელიც გარე პირობებში ბინადრობს, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს, წერს გამოცემა.
სპორების შესუნთქვის შემდეგ დაავადება აზიანებს ფილტვებს და ცხვირის წიაღებს, შემდეგ კი სახეზე გამოვლინდება.
პირველად ასეთ ადამიანებს აღენიშნებათ სურდო, სახის მსუბუქი გაბუჟება, თვალების შეშუპება, ამიტომ ბევრი პაციენტი არ ჩქარობს მიაკითხოს ექიმს, წერს გაზეთი Газета.ru.
არსებული მონაცემებით, სოკოთი ინფიცირებული პაციენტების დაახლოებით 60% ერთ ან ორ თვალს კარგავს.
„თუ არ ამოვკვეთთ მთელ შიგთავსს ყველა ქსოვილთან, ნერვებთან და ქუთუთოსთან ერთად, ინფექცია შეიძლება ტვინში მოხვდეს“, - განაცხადა დოქტორმა აქშაი ნაირმა.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, „შავი სოკოს“ სწრაფი გავრცელება დაიწყო COVID-19-გან მასობრივი მკურნალობის ფონზე, რადგან ვირუსს ებრძვიან სტეროიდებით, რომლებიც იმუნური სისტემის დაქვეითებასა და სოკოსთვის შეღწევის გზის გახსნას იწვევს.
თუ ადრე ინდოელი ექიმები წელიწადში მუკორმიკოზის 3-4 შემთხვევას აფიქსირებდნენ, ახლა ეს რიცხვი დღეში 5-6 ათასამდე გაიზარდა.
ადრე რადიო Sputnik იუწყებოდა, რომ ინდოეთის რაჯასტანისა და ტელანგანის შტატებში მუკორმიკოზის ეპიდემია გამოცხადდა.