„ევროვიზია - 2021“-ის გამარჯვებული იტალია გახდა - საუკეთესო სიმღერები

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovichევროვიზია-2021 Maneskin (იტალია)
ევროვიზია-2021 Maneskin (იტალია)  - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
გამოწერა
65-ე სასიმღერო კონკურსის გამარჯვებული მაყურებელთა და ჟიურის ქულების შეკრებით 50/50 პროპორციით გამოვლინდა.

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. „ევროვიზია - 2021“-ის გამარჯვებული იტალია გახდა.

სასიმღერო კონკურსის ფინალში იტალიური ჯგუფი Måneskin სიმღერით Zitti E Buoni წარდგა და 524 ქულა დააგროვა.

ბუკმეკერები ვარაუდობდნენ, რომ პირველ ადგილს იტალია დაიკავებდა, და მათი პროგნოზები გამართლდა.

მეორე ადგილი დაიკავა საფრანგეთმა (ბარბარა პრავი) 499 ქულით, ხოლო მესამე - შვეიცარიამ 432 ქულით.

რუსეთის წარმომადგენელმა მანიჟამ სიმღერით Russian Woman მეცხრე ადგილი დაიკავა (204 ქულა).

იტალია კონკურსს მესამედ იგებს, ბოლოჯერ მან გაიმარჯვა 31 წლის წინ - 1990 წელს.

გასულ წელს „ევროვიზია-2020“ კორონავირუსის პანდემიის გამო არ შედგა და ის 2021 წლისთვის გადაიტანეს.

სიმღერის რიგით 65-ე კონკურსი „ევროვიზია“ ნიდერლანდის ქალაქ როტერდამში გაიმართა 2019 წელს ამ ქვეყნის წარმომადგენლის დუნკან ლოურენსის გამარჯვების წყალობით. ქვეყანა კონკურსს უკვე მეხუთედ ატარებს, ადრე მას უმასპინძლა ჰილვერსუმმა (1958), ამსტერდამმა (1970) და ჰააგამ 1976 და 1980 წლებში.

საქართველო

საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ყიფიანი, სამწუხაროდ, ფინალში ვერ გავიდა. ქვეყანა უკვე მეოთხე წელია, ევროვიზიის ფინალში ვერ ხვდება.

ინგლისურენოვანი კომპოზიცია თავად ყიფიანმა შექმნა. რაც შეეხება არანჟირებას, ის Bravo Records-ის სტუდიაში გაკეთდა და მასზე თორნიკესთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

თორნიკე ყიფიანს სიმღერით Take Me as I am საქართველო კონკურსზე 2020 წელს უნდა წარედგინა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გასულ წელს ღონისძიება გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0