თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩო 23 მაისს თბილისის ცენტრში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ხვალ, 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე 14:00 საათზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ს მთავრობის პერსონალს ურჩევენ თავი შეიკავონ გადაადგილებისგან აღნიშნულ რაიონში, რადგან დიდი დენოსტრაციის გამო მოსალოდნელია გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეფერხება.
„შეგახსენებთ, რომ მასობრივი შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს. აშშ-ს მთავრობის პერსონალს ურჩევენ მოერიდონ დემონსტრაციის ჩატარების ზონებს და სიფრთხილე გამოიჩინონ დიდი შეკრების დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური თემაა. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა აღნიშნულმა პროექტმა დიდი საპროტესტო ტალღა უკვე ააგორა.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის განხორციელებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.
მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. თუმცა მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასა და თურქულ კონტრაქტორ კომპანია ENKA-ს შორის დადებული ხელშეკრულება შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.