თბილისი, 22 მაისი – Sputnik. დღეს რუსთავის განახლებული ჭალის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა, ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქცია საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრის, ალექსანდრე დალაქიშვილის ინიციატივით და საზოგადოება „რუსთაველების" ხელშეწყობით მოეწყო.
აქტივობაში რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, „რუსთავსერვისცენტრის" წარმომადგენლები, ეკომოხალისეები და რუსთაველი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე ბოლო სამი თვის განმავლობაში ქალაქის გამწვანების კუთხით შესრულებული სამუშაოები შეჯამდა. როგორც ცნობილი გახდა, ჭალის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში 1100 ძირი ხე დაირგო, ქალაქის მასშტაბით - 3 ათასი ძირი ხე.
„ჩვენ ვართ სწორედ ის თაობა, რომელიც ამ პროექტს მიიყვანს ბოლომდე. რა თქმა უნდა, გვექნება ახალი ინიციატივებიც, თუმცა ქალაქისთვის ღირებულ პროექტებს შორის ჭალის ტყის აღდგენა ერთ-ერთი აქტუალურია" , - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.
მისი თქმით, რუსთავის ჭალის ტყე არის პროექტი, რომლის განხორციელებაც ქვეყნის ეროვნული გმირის - ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას სურვილი იყო, რომელიც 1992 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან.
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, რუსთავში არსებული ეკოლოგიური პრობლემების ფონზე, ჭალის ტყის განადგურებული ნაწილის აღდგენა ქალაქისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.