თბილისი, 22 მაისი – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება დაიწყო, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, კალია სოფლის მეურნეობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
უწყების ინფორმაციით, ტერიტორიები, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებელი განვითარების ადრეულ ფაზაში გამოვლინდა, სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, შესაბამისი პრეპარატით მუშავდება.
„მავნებლის განვითარების ადრეულ ეტაპზე ჩატარებული ღონისძიებები მნიშვნელოვანია მათი პოპულაციის შესამცირებლად, რაც მწვანე საფარის შენარჩუნების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების წინაპირობაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეის მდგომარეობით, კახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში 1.200 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.
მავნებლებთან ბრძოლის რეგიონული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს ტექნიკურ დახმარებას უწევს და აწვდის კალიების გასანადგურებლად საჭირო პესტიციდებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და შემასხურებლებს.