თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოში ყველაზე ორიგინალური, ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" წევრები და მხარდამჭერები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მსვლელობით „დედაენის ბაღში“ მივიდნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
აქციის მონაწილეები ეროვნულ სტადიონთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით „დედაენის ბაღისკენ“ გაემართნენ. მათ ხელში ეკავათ პლაკატები წარწერით - „თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა“, „აქ კონკია არავინ არ არის“, „გაუქმდეს კომენდანტი, მოიხსნას შეზღუდვები, გაიხსნას საზღვრები" და სხვა. მსვლელობა ხმამაღალი მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.
„ეს შეზღუდვები უნდა მოიხსნას რაც შეიძლება სწრაფად. გვინდა, რომ ცხოვრება დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმს და ოდნავ მაინც ამოვიდეთ ამ წუმპედან. ჩვენი მოთხოვნაა ყველა ამ შეზღუდვის მოხსნა და იმ ჯარიმების გაუქმება, რაც მოქალაქეებს დაეკისრათ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კორონავირუსის შეზღუდვებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
აქციის შემდეგ 22:30 საათზე პარტის რიგით მეორე ყრილობას გამართავს, რომელსაც თავად ლიდერმა „არაფორმალური“ უწოდა. ყრილობაზე პარტიის წესდების შეცვლა იგეგმება.
შემდეგ კი პარტიის ლიდერი ყრილობის მონაწილეებს არაფორმალური, სასიამოვნო ნაწილს შეპირდა.
საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები.
დღეიდან ღია სივრცეების მქონე რესტორნებისთვის უქმე დღეებში მუშაობა ნებადართული გახდა.
საქართველოს სახმელეთო საზღვრები დაკეტილია. ღია და დახურულ სივრცეებში სავალდებულოა პირბადეების ტარება. ქვეყანაში ღამის საათებში (23:00 საათიდან 05:00 საათამდე) „კომენდანტის საათი“ მოქმედებს.