თბილისი, 22 მაისი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოიპოვოს, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში შემოდგომაზე ქალაქების და მუნიციპალიტეტების მერების, ასევე ადგილობრივი საკრებულოების დეპუტატების არჩევნები გაიმართება.
„ჩვენ რეალურად დავიწყეთ უკვე მუშაობა, არჩევნებისთვის მზადება, ჩვენი მთავარი მესიჯი არის, რომ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ არჩვენებამდე და ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიის აქტივთან შეხვედრები აჭარიდან დაიწყო, მოგვიანებით გაიმართება შეხვედრა ზუგდიდში.
„ქართული ოცნებისთვის“ ამ არჩევნებზე გამარჯვება გადამწყვეტია. თუ პარტია ქვეყნის მასშტაბით ხმების 43%-ზე ნაკლებს მოიპოვებს, საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. გარდა ამისა, მმართველი პარტიისთვის ეს პირველი არჩევნები იქნება, რომელიც მისი დამფუძნებლის, ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერისა და მონაწილეობის გარეშე ჩატარდება.
„აქ ყოფნამ ეს საბოლოოდ გადამაწყვეტინა“: გოგი წულაია პარტიას აფუძნებს >>
გასული წლის შემოდგომაზე გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლა გადაწყვიტა და დაუბრუნდა ცხოვრების ჩაკეტილ რეჟიმს, რომელსაც 2011 წლამდე ეწეოდა.