თბილისი, 21 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები უქმეებზე დასავლეთ საქართველოს რეგიონების აქტივისტებთან გამართავენ შეხვედრებს, იუწყება პოლიტიკური ორგანიზაციის პრეს–სამსახური.
შეხვედრებზე განხილვის ძირითადი საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება. პირველი შეხვედრა ბათუმში, მეორე კი ზუგდიდში გაიმართება.
აქტივისტებთან წინასაარჩევნო შეხვედრების დაწყების შესახებ მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში განაცხადა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის დასრულების პროცესის გამო, შეხვედრები გადაიდო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება. „ქართული ოცნებისთვის“ ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის გარეშე ჩაატარებს – ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო.