თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოს ჩემპიონატი ცხენოსნობაში ბარიერების გადალახვით თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე იპოდრომზე 22–23 მაისს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხედრები თბილისის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმის, კაჭრეთისა და ახალუბნის საცხენოსნო კლუბებიდან. შეჯიბრება 16:00 საათზე დაიწყება.
კონკურსი ტარდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
ცხენოსნობის ისტორია საქართველოში
საქართველოში მეცხენეობასა და ცხენოსნობას უძველესი დროიდან მისდევდნენ. დოღს საინტერესო ისტორია აქვს. ის საქართველოს სხვადასხვა რაიონში, განსაკუთრებით მთაში – ხევსურეთში, თუშეთში, ფშავში, მთიულეთში, ასევე აფხაზეთსა და სამეგრელოში გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად, საეკლესიო და სახალხო დღესასწაულებზე იმართებოდა.
ცხენოსნობის განვითარება მნიშვნელოვანწილად განაპირობა მეგრული და თუშური ჯიშის ცხენების მოშენებამ. თუშეთში ყველაზე გავრცელებული ყოფილა ცხენების ჭენება, სამეგრელოში – დოღი, ყაბახი, თარჩია, ისინდი. საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე ცხენოსანთა ტურნირები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იმართებოდა და ამ სანახაობას დიდძალი ხალხი ესწრებოდა.
აჭარაში საცხენოსნო შეჯიბრებებში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ და ხშირად იმარჯვებდნენ კიდეც. ცხენოსნობას განსაკუთრებით ბევრი მიმდევარი ჰყავდა აფხაზეთში, აქაური მხედრები დიდი ოსტატობით გამოირჩეოდნენ.
სამეგრელოში მარულის ტრადიციის აღდგენა დაიწყო>>
ტრადიციულად დოღში კენტი რაოდენობის ცხენი მონაწილეობდა – 5-დან 35-მდე. უნაგირი მხოლოდ ერთს ედგა – რომელიც გარდაცვლილის სახელზე იყო ნაკურთხი. გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებდა იარაღს, პირუტყვს, ტანსაცმელს და სხვ.
ამჟამად დოღი მაღალმთიან რაიონებში ადგილობრივ დღესასწაულებზე იმართება.