თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშიანიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაცია განიხილა, იუწყება РИА Новости სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„ფაშინიანმა მიმოიხილა მიმდინარე სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის მიუხედავად, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორია დაარღვიეს“, - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.
აღინიშნა, რომ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ბოლო დღეებში განხორციელებული ძალისხმევის გამო, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენაა მიმართული.
„მათ საერთო ხედვა გამოავლინეს სიტუაციის განმუხტვის გზებსა და მეთოდებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 12 მაისს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სცადეს გარკვეული ღონისძიებების გატარება „საზღვრების დასაზუსტებლად“ სიუნიქის ოლქის ერთ-ერთ სასაზღვრო მონაკვეთზე. ამასთან, უწყებაში არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რა სამუშაოები ჩაატარეს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა.
საზღვარზე მომხდარ ინციდენტზე ოთხშაბათს იმსჯელეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არა აივაზიანმა. ფაშინიანმა აცნობა პუტინს, რომ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) მიმართავს.