თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (31-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგით) ვერ დაეხმარება ქვეყნის ეროვნულ გუნდს დევისის თასის მატჩებში.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა და მასში ქვეყნის უძლიერესი ჩოგბურთელის გვარი არ არის.
აგრეთვე დევისის თასის მატჩებში არ მიიღებს მონაწილეობას გიორგი ცივაძე. ამგვარად, საქართველოს ნაკრებს კვიპროსზე წარმოადგენენ: ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაქში, საბა ფურცელაძე და ზურა ტყემალაძე. გუნდის კაპიტანი - დავით კვერნაძე.
ტურნირში, რომელიც კვიპროსზე 16-19 ივნისს გაიმართება, თავდაპირველად უნდა ეასპარეზათ რვა ნაკრებს, მაგრამ ლიხტენშტეინის უარის შემდეგ დარჩა შვიდი გუნდი: კვიპროსი, საქართველო, ისლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, ირლანდია.
გუნდები ორ ჯგუფად გაიყოფიან - ერთში იქნება ოთხი ნაკრები, მეორეში - სამი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გადის პლეი-ოფში მეორე მსოფლიო ჯგუფში თამაშის უფლების მოსაპოვებლად. პლეი-ოფის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვევა პირად დაპირისპირებაში იმ ნაკრებებს შორის, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში მეორე ადგილებზე გავლენ.