თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
გიორგი შენგელია გადაწყვეტილების მიზეზად შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს.
„შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა“, – დაწერა შენგელიამ სოციალურ ქსელში.
როგორც ზუგდიდის მერი აღნიშნავს, მისთვის უმნიშვნელოვანესია „სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში“.
„მე, როგორც რიგითი ზუგდიდელი, ყოველთვის ვიქნები ჩემი ქალაქის სამსახურში ამ თუ სხვა პოზიციაზე“, – წერს გიორგი შენგელია.
მანამდე თანამდებობა დატოვა ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილმ გიგა ფარულავამ.
გიორგი შენგელია ზუგდიდის მერის თანამდებობას 2019 წლის ივნისიდან იკავებდა. 2019 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ მერის რიგგარეშე არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაამარცხა.
ზუგდიდის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა „ქართული ოცნებიდან" 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ. 2018 წლის ნოემბერში კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.