წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დამატებითი ძალები: რა ვითარებაა დმანისში ამ დროისათვის

© Sputnik / Vladimir Umikashviliსიტუაცია დმანისში
სიტუაცია დმანისში - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
ადგილზე იმყოფებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. დმანისში ვითარება კვლავ დაძაბულია, პოლიციას ქალაქში წყლის ჭავლის მანქანა და ძალოვანების დამატებითი ძალები შეჰყავს.

დმანისში იმყოფებიან ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომლებიც ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრას მართავენ პოლიციის შენობაში. მერიის შენობაში კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარიც.

პოლიციამ ქალაქში შესვლა–გამოსვლა რამდენიმე საათის წინ შეზღუდა. დმანისში მოხვედრა მხოლოდ სპეციალური საშვით შეიძლება.

ვითარება დმანისში - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
ვითარება დმანისში კვლავ დაიძაბა – აგრესიულმა ადამიანებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს

ცოტა ხნის წინ შეკრებილები თავს დაესხნენ „პირველი არხის“ ჟურნალისტებს. ასევე დაშავდა „მთავარი არხის“ კორესპონდენტი.

ადამიანები პოლიციის შენობასთან მისვლას ცდილობენ, სადაც არეულობების დროს დაკავებულები იმყოფებიან. ისინი თავს იმ ადგილობრივი მცხოვრებლების მხარდამჭერ ჯგუფს უწოდებენ, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში გუშინდელი საღამოდან იმყოფებიან.

ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება, რომელიც ბეისბოლის ბიტებისა და ხის ხელკეტების გამოყენებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, კვირას, საღამოს დაიწყო იმის გამო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონემ ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა.

თვითმხილველების თქმით, განაწყენებულმა ახალგაზრდებმა დასახმარებლად სხვებიც იხმეს და მაღაზიის მფლობელთან საქმის გარჩევა სცადეს. დამცველები ამ უკანასკნელსაც გამოუჩნდნენ. ჩხუბში დაახლოებით ორი ათეული ახალგაზრდა აღმოჩნდა ჩართული.

 

ყველა ახალი ამბავი
0