თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ATM Dubai იღებს მონაწილოებას. იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული კომპანიები: WST Georgia, Guide of Georgia, Georgian Holidays, Voyager, Travel to Georgia 201, Arrival DMC და სასტუმრო The Biltmore Hotel არიან წარმოდგენილები.
უწყების ცნობით, არაბთა გაერთიანებული საემიროები საქართველოსთვის მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს.
„დუბაის გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მიმზიდველ და უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად პოზიციონირებას. კერძო სექტორის წარმომადგენლებს კი საშუალება ექნებათ ახალი კონტაქტები დაამყარონ და ტურისტული პაკეტები შესთავაზონ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ტურ-ოპერატორებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებს მართავს, მოეწყო სამუშაო შეხვედრები სპარსეთის ყურის ქვეყნების წამყვან ტურისტულ კომპანიებთან.
დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2019 წელს მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოს 2500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 40 ათასი იყო.