ყაზახურმა ავიაკომპანიამ ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

© photo: Sputnik Air Astana-ს თვითმფრინავი
 Air Astana-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2021
გამოწერა
მაისსა და ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახურ ავიაკომპანიასთან ერთად პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ.

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. ყაზახურმა ავიაკომპანიამ Air Astana ალმათი-ბათუმი-ალმათის მიმართულებით რეგულარული რეისები განაახლა, ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ყაზახურმა ავიაკომპანიამ პირველი რეისი დღეს შეასრულა. აღნიშნულ რეისს ბათუმში 115 მგზავრი ჩამოყვა. ფრენები კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ტურისტული სექტორი მზადაა, ყველა რეგულაციის დაცვით მოემსახუროს ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს.

„ყაზახეთი საქართველოს ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა. 2019 წელს ამ ქვეყნიდან 103,611 ვიზიტორს უმასპინძლა და ზრდამ წინა წელთან შედარებით 75.7 პროცენტი შეადგინა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სტუმრები ყაზახეთიდან უსაფრთხოდ შეძლებენ საქართველოში, მათ შორის, აჭარაში დასვენებას“, - განაცხადა თურნავამ.
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოქვეყნდა საქართველოში ფრენების განრიგი ზაფხულში

მან ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორია და მისი აღორძინება მნიშვნელოვანია ქვეყნის გაძლიერებისთვის.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ასევე 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან.

ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს არა მარტო თბილისში, არამედ ბათუმშიც ჩამოიყვანს. ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა – ბათუმი – ვარშავის და ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო. მიმდინარე წლის თებერვლიდან ხელისუფლებამ გახსნა საჰაერო საზღვრები და გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც ხანგრძლივი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლა.

საჰაერო გზით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR–ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლია.

 

ყველა ახალი ამბავი
0