პატიმართა წამების საქმე: პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსის განაჩენი ძალაში დარჩა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2021
გამოწერა
პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული დავით ჭაკუას ექსტრადირება საქართველოში გასული წლის ივლისში განხორციელდა. ის პატიმართა წამებისა და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეების ერთ-ერთი ფიგურანტია.

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დავით ჭაკუასთან მიმართებაში უცვლელად დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 28 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში ორ საქმეში ფიგურირებს - 2006 წელს ციხის ბუნტის სასტიკი ჩახშობის და 2012 წელს პატიმრების წამების საქმეებზე.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2006 წლის 27 მარტს დავით ჭაკუამ სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის კაბინეტში ოთხ მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შემლახავი მოპყრობით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ისინი დაწესებულების ეზოში კვლავ სცემეს“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატიმართა მიმართ განხორციელებულმა ძალადობრივ ქმედებებმა ამ და სხვა დაწესებულებებში განთავსებულ პატიმრებში აქტიური პროტესტი გამოიწვია, რასაც შემდგომში ე.წ. ციხის ბუნტის დროს განვითარებული მძიმე მოვლენები მოჰყვა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2020
პატიმართა წამება საქართველოში: გერმანიიდან ბრალდებულის ექსტრადირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, ჭაკუა დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით („დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი  მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, რამდენიმე პირის მიმართ; დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ“).

საბოლოოდ, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, ჭაკუას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ჭაკუაზე საერთაშორისო ძებნა 2012 წლიდან გამოცხადდა - პატიმართა წამების სკანდალის შემდეგ 2012 წლის სექტემბერში მან თანამდებობა დატოვა და ქვეყანა დატოვა. ჭაკუამ გერმანიას თავშესაფარი სთხოვა, მაგრამ ბრალდების მხარის არგუმენტები და ინტერპოლის ხაზით მისი საერთაშორისო ძებნის ფაქტი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, გერმანია დათანხმდა მის ექსტრადირებაზე და ბრალდებულის ექსტრადიცია საქართველოში გასული წლის ივლისში განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0