თბილისი, 15 მაისი - Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში მოსახლეობა აუქციონის წესით მიწების გაყიდვის ფაქტს აპროტესტებს, იუწყება „პირველი არხი“.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოფელ მოხისში 28 ჰექტარი მიწა ხუთწლიანი იჯარით ექვს ოჯახს ჰქონდა აღებული და ერთწლიანი კულტურები მოჰყავდათ. ვადის გასვლის შემდეგ ადგილობრივებმა ეკონომიკის სამინისტროში გადააგზავნეს დოკუმენტაცია ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ აღნიშნული მიწის ფართობი აუქციონის წესით უკვე გასხვისდა შპს „აგროინდუსტრიაზე“.
„მიწები უცხოებზე არ უნდა გაიყიდოს, სოფელში უნდა დარჩეს. იჯარით გადმოგვცენ, შესყიდვაზეც თანახმა ვართ, ოღონდ ისეთ ფასად, რომ შევწვდეთ. გლეხმა მიწაა თუ არ დაამუშავა და მოსავალი არ მოიყვანა, ასფალტზე რა ვაკეთოთ“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
სოფლის მცხოვრებლები მიწის გასხვისების ფაქტს უკანონოდ მიიჩნევენ და მიწის დათმობას არ აპირებენ. მათი თქმით, აღნიშნული მიწის ფართობის დამუშავების საშუალებას სხვას არ მისცემენ. ადგილობრივები ასევე ეკონომიკის სამინისტროსგან გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ.