ქართული ფილმი „მეოთხე ბრაიტონის“ მსოფლიო პრემიერა ნიუ-იორკში გაიმართება

© Pixabay / Free-Photosკინოკამერა
კინოკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
პანდემიის პირობებში Tribeca Film Festival პირველი დიდი ფესტივალი იქნება, რომელიც მაყურებლის დასწრებით გაიმართება.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმის „მეოთხე ბრაიტონის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება ნიუ-იორკის საერთაშორისო კინოფესტივალზე Tribeca Film Festival, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

საერთაშორისო კინოფესტივალი Tribeca 2001 წელს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა რობერტ დე ნირომ და ჯეინ როზენტალმა დააფუძნეს. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება. წელს ფესტივალი 9–20 ივნისს ჩატარდება და, სავარაუდოდ, პირველი დიდი ფესტივალი იქნება, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში მაყურებელი დაესწრება.

ლევან კოღუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2019
„მეოთხე ბრაიტონის" წარმატება: ლევან კოღუაშვილის ფილმმა ისრაელში სოლიდური პრიზები მიიღო

Tribeca Film Festival-ის ფარგლებში 23 ქვეყნის 64 ფილმს აჩვენებენ.

კოღუაშვილის დრამის სიუჟეტის ცენტრშია ქართველი მამა-შვილის არცთუ მარტივი ურთიერთობები. ვაჟი აშშ-ში მიდის და მამას ეუბნება, რომ კარგად მოეწყო და სწავლობს. როდესაც მამა იეჭვებს, რომ რაღაც წესრიგში არაა, შვილთან ჩადის და ხედავს, რომ მისი ცხოვრების პირობები სულაც არ ჰგავს „ამერიკულ ოცნებას". ის მუშაობს მტვირთავად და გაჭირვებით ირჩენს თავს.

„მეოთხე ბრაიტონი“ წარდგენილია კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში, სადაც ფილმებს აჯილდოვებენ ნომინაციებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, ქალის საუკეთესო როლი, მამაკაცის საუკეთესო როლი.

ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭიდაობაში, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლევან თედიაშვილმა შეასრულა. ფილმში ასევე თამაშობს ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე.

კახი კავსაძე ფილმში „უდაბნოს თეთრი მზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
დიდი მსახიობის ხსოვნას: კახი კავსაძის საუკეთესო როლები კინოში – ფოტო

ფილმის ოპერატორია ამერიკელი კინოოპერატორი, რეჟისორი და პროდიუსერი ფიდონ პაპამაიკლი.

„მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში. ფილმი საქართველოს, საფრანგეთის, საბერძნეთისა და ბულგარეთის ერთობლივი ნამუშევარია.

ფილმის ერთ-ერთი თანაპროდიუსერია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო თანადამფინანსებელი – საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

ლევან კოღუაშვილისა და საერთაშორისო კინოფესტივალ Tribeca-ს თანამშრომლობა 2006 წელს დაიწყო, როდესაც რეჟისორმა კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ვალი“ წარადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0