თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ, ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზაზე აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზის მონაკვეთებზე სუსტი გრუნტების გამო ჩამოშლილია დიდი ოდენობით კლდის მასები. აღნიშნული მონაკვეთის აღდგენა სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად ხდება, საავტომობილო გზა კი, სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიხსნება.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზის 54 კმ-იან მონაკვეთზე რეაბილიტაცია ხუთ ლოტად მიმდინარეობდა. ამავე მონაკვეთებზე მიმდინარეობს ცხრა ხიდის მშენებლობა.
ჟინვალი–ბარისახო–შატილის მონაკვეთი ერთადერთი გზაა, რომელიც საქართველოს ცენტრალურ რეგიონებს შატილთან და ხევსურეთთან აკავშირებს, სწორედ ამიტომ მისი აღდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პროექტის მთავარი მიზანია შატილამდე მისასვლელი გზა გაცილებით უსაფრთხო გახდეს. არსებული გზა მოასფალტებული არ არის და აქ ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი პირობას დებს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ შატილისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
შატილი შუა საუკუნეების ციხე-სოფელია, რომელიც 60-ზე მეტ კოშკს აერთიანებს, მდებარეობს ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. 2007 წლიდან შატილის კოშკები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი.
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, შატილის თემში სულ 48 ადამიანია რეგისტრირებული, თავად შატილში კი 22 მცხოვრებია.