თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას Twitter-ის გვერდზე ეხმაურება.
10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელდა, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.
„საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელსა და ღაზის სექტორში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს ზალკალიანი.
ისრაელის ცნობით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით დღე-ნახევარში 1000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ბოლო ინფორმაციით, სულ ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის ხუთი მოქალაქე დაიღუპა. საპასუხო იერიშების შედეგად ისრაელმა ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ 500 ობიექტი გაანადგურა. თავის მხრივ, ღაზის სექტორში იუწყებიან, რომ დაღუპულია 35 ადამიანი.