თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ბოლო დღეებში ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან ათასზე მეტი რაკეტა გაუშვეს, განაცხადა ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა იონათან კონკირუსმა, იუწყება РИА-Новости.
„38 საათზე მეტია გრძელდება ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაცია პალესტინელი ისლამისტების წინააღმდეგ. ამ დროის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით 860 რაკეტა გამოუშვეს, რომლებმაც გადმოკვეთეს საზღვარი, დაახლოებით 200-მა რაკეტამ კი ვერ შეძლო გამყოფი ღობის გადმოკვეთა და ღაზის სექტორის ტერიტორიაზევე ჩავარდა“, – განაცხადა კონკირუსმა უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.
უფრო ადრე ისრაელის არმიის პრეს-სამსახურმა „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ისრაელის და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. სულ მცირე, ექვსი რაკეტა გაუშვეს იერუსალიმის მიმართულებით. არის მსხვერპლი.
თელ-ავივი ხუთი დაღუპულისა და 200-ზე მეტი დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მასმედიის ცნობით, ქალაქ ლოდზე განხორციელებული თავდასხმისას გარდაიცვალა ბავშვი. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არის პალესტინელთა მხრიდანაც, მათ შორის ათი ბავშვი, 200-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
ისრაელისა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივ საჰაერო იერიშებს წინ უძღოდა დაძაბულობა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში. ისრაელის ხელისუფლება ქალაქის ამ ნაწილიდან პალესტინელების 70-ზე მეტი ოჯახის გასახლებას აპირებს. ეს გადაწყვეტილება პალესტინელებმა ქუჩაში გააპროტესტეს, რასაც იერუსალიმში მდებარე ალ-აქასას მეჩეთთან შეტაკებები მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოებამ მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს გასახლების პროცესი, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია და მათ მშენებლობების გაგრძელების უფლება აქვთ.