თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.
XIII ტურის ფარგლებში „დინამოელებმა“ სტუმრად დაამარცხეს „სამტრედია“ ანგარიშით 2:0. ორივე ბურთი პირველ ტაიმში გავიდა. 34-ე წუთზე „დინამო“ ლაშა შინდაგორიძის გოლით დაწინაურდა, უკვე მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი გიორგი ფანცულაიამ გამოიჩინა თავი.
აღსანიშნავია, რომ 28-ე წუთიდან „სამტრედიას“ ერთი მოთამაშე გამოაკლდა. მოედნიდან შალვა ნადირაძე გააძევეს.
შესვენების შემდეგ „დინამო“ სოლიდური ტერიტორიული უპირატესობით სარგებლობდა, მაგრამ, რამდენიმე შესანიშნავი შესაძლებლობის მიუხედავად, გოლების გატანა ვეღარ მოახერხა. ანგარიში მეორე ტაიმში აღარ შეცვლილა.
ეროვნულ ჩემპიონატში თბილისის „დინამომაც“ გაიმარჯვა. გიორგი ნემსაძის გუნდმა „საბურთალო“ 4:0 დაამარცხა. გოლები გაიტანეს ზორან მარუშიჩმა (დუბლი), თორნიკე ახვლედიანმა და გიორგი გაბედავამ.
13 ტურის შემდეგ ორივე „დინამომ“ 28-28 ქულა მოაგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ბათუმის კლუბი თბილისისას უსწრებს.
მომდევნო ტურში ბათუმის „დინამო“ გასვლაზე თბილისის „ლოკომოტივს“ შეხვდება, თბილისის „დინამო“ კი გორის „დილას“ უმასპინძლებს.