პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1981 წელს დაბადებული მ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი თბილისი–წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: ქარხნული წესით დამზადებული NORINCO MODEL 213 მოდელის პისტოლეტი და ამ იარაღისთვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული 8 ცალი ვაზნა. ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ტოკარევის TT კონსტრუქციის პისტოლეტი და ამავე იარაღისთვის განკუთვნილი 8 ცალი საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით.

ყველა ახალი ამბავი
0