ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გასაღებისთვის სასჯელი მკაცრდება

© photo: Sputnik / Sergey Vinyavsky / გადასვლა მედიაბანკშიკრიმინალისტური ლაბორატორია. კოკაინი
კრიმინალისტური ლაბორატორია. კოკაინი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
შსს-ში აღნიშნავენ, რომ ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას ისეთი ქვეყნების ჩათვლით, როგორიცაა გერმანია, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი და სხვ.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოში ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზებისთვის პატიმრობის ვადა გაიზრდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამის პაკეტს მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა. ის მალე დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.

კანონპროექტის მიხედვით, მკაცრდება ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელები.

აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული პრეპარატები იპოვეს

კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა 6-დან 10 წლამდე გაიზრდება. 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ის პირი, ვინც დიდი ოდენობით გაასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას.

ამას გარდა, მნიშვნელოვნად გამკაცრდება სასჯელი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზებისთვის. კერძოდ, დღეს მოქმედი რედაქციით, დამნაშავე პირისთვის გათვალისწინებულია 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, პროექტის თანახმად კი ეს ვადა 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე მკაცრდება სანქციები ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისთვის.

  • უწყების ინფორმაციით, სასჯელის გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დღეს მოქმედი სანქცია სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელი ფუნქციის შესრულებას. ნარკოტიკული საშუალების გასაღებით მიღებული მნიშვნელოვანი ფულადი სარგებელი უმეტესად ხელს უწყობს ახალი დანაშაულის ჩადენას და ამ სფეროში არაერთი პირის ჩართვასაც, აღნიშნავენ შსს-ში.

უწყება მიუთითებს, რომ ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას ისეთი ქვეყნების ჩათვლით, როგორიცაა გერმანია, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი და სხვ.

ნარკოდანაშაული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში. მას სისხლის სამართლის ყველაზე გავრცელებულ დანაშაულთა შორის მესამე ადგილი უკავია ქურდობისა და ოჯახური ძალადობის შემდეგ. ამასთან ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია – საშუალოდ 70%.

ყველა ახალი ამბავი
0