თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 მაისიდან აღდგება, ასევე განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მთავრობამ 4-დან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა. ამ პერიოდში საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის – ავტობუსი, მეტრო, სამარშრუტო ტაქსი – მოძრაობა შეიზღუდა. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელებულა საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.
13 მაისიდან ასევე მოიხსნება უქმე დღეების პერიოდში დაწესებული ყველა შეზღუდვა.
ამჟამად კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ათასი ლარის – იურიდიული პირის შემთხვევაში.