თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის სამმა მკვიდრმა კომპანია Georgian Manganese-ის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
ადგილობრივების განცხადებით, მანგანუმის მადნის მომპოვებელი კომპანიის მუშაობამ მათი საცხოვრებელი სახლები დააზიანა და საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება.
აღნიშნული პირების განმარტებით, კომპანიის მიერ შეთავაზებული კომპენსაცია მიზერულია და მიყენებულ ზარალს არ შეესაბამება, ამიტომ ისინი ზარალის კერძო აუდიტის მიერ დათვლას მოითხოვენ.
როგორც კომპანია Georgian Manganese-ის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნულ სოფელში მათ კომპანიების გაცემა დაწყებული აქვთ და ადგილობრივების ნაწილთან შეთანხმება შედგა. თუმცა რამდენიმე ადამიანი მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს. კომპანიაში ეჭვობენ, რომ აღნიშნული პირები „სხვა ძალების მიერ არიან მართული“.
კომპანია Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მთავარი მომპოვებელია. ის ფლობს 11 მაღაროსა და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას. კომპანიაში დაახლოებით 3,5 ათასი ადამიანია დასაქმებული.