რუმინეთში კორონავირუსზე აცრებს დრაკულას სასახლეში ატარებენ

© AP Photo / Andreea Alexandruბრანის სასახლე რუმინეთში
ბრანის სასახლე რუმინეთში - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
დრაკულას სასახლეში აცრილ ადამიანებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატი მითითებით, რომ ისინი სწორედ იქ აიცრნენ.

თბილისი, 10 მაისი – Spuntik. რუმინეთში, ბრანის სასახლეში, რომელიც უფრო ცნობილია როგორც გრაფ დრაკულას სასახლე, განათავსეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტი, სადაც ვაქცინაცია უფასოა, ნათქვამია კულტურული ობიექტის Facebook-გვერდზე.

უკვე ცნობილია, რომ ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება მაისში პარასკეობით, შაბათობით და კვირაობით. ყველა მსურველს აცრა Pfizer-ისა და BioNTech-ის კომპანიების მიერ შემუშავებული პრეპარატით ჩაუტარდება.

აცრისთვის წინასწარი ჩაწერაა საჭირო. დრაკულას სასახლეში აცრილ ადამიანებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატი, რომელშიც იქნება მითითებული, რომ ისინი სწორედ იქ აიცრნენ. გარდა ამისა, მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, უფასოდ დაათვალიერონ შუა საუკუნეების დროინდელი წამების იარაღების გამოფენა.

აცრებს მობილური სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლები ატარებენ.

აღნიშნულია, რომ რუმინეთში აცრილია 3,6 მილიონი ადამიანი. Pfizer-ის ვაქცინის გარდა, ვაქცინაციისთვის გამოიყენება Moderna-ს, AstraZeneca-სა და Johnson&Johnson-ის კომპანიების პრეპარატები. შემოდგომისთვის ადგილობრივი მთავრობა 10 მილიონი მოქალაქის ვაქცინაციას გეგმავს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან რუმინეთში 1 მილიონი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 28,9 ათასი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0