რომელი ვაქცინაა ყველაზე პოპულარული საქართველოში

© photo: Sputnikკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
Pfizer-ის ვაქცინას პოპულარობის მხრივ მოსდევს Moderna, მოთხოვნაა ასევე AstraZeneca-ზე, რომლის მეორე დოზით ვაქცინაცია ქვეყანაში დღეიდან იწყება.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს 74 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდა, უპირატესობას Pfizer-ის პრეპარატს ანიჭებს.

ამ დროისათვის პორტალზე დარეგისტრირებულია 82.292 ადამიანი.

რეგისტრირებული პირებიდან Moderna-ს ვაქცინით აცრის სურვილი გამოთქვა 33.030-მა ადამიანმა, AstraZeneca-ს ირჩევს 16.315, საკუთარი არჩევანი Sinopharm-ზე შეაჩერა – 11.841-მა, Johnson&Johnson-ზე – 9.431-მა, Novavax-ზე – 6.316-მა, ხოლო Sinovac-ზე – 1.397-მა ადამიანმა. 
AstraZeneca - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
AstraZeneca-ს მეორე დოზით ვაქცინაცია დღეიდან იწყება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 19 აპრილს აამოქმედა წინასწარი რეგისტრაციის პორტალი, რომლის მიზანია ჯანდაცვის უწყებამ სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღოს ინფორმაცია COVID-19-ზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. 

პორტალზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა და სასურველი ვაქცინის შერჩევა. რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.

შემოთავაზებული ვაქცინების სიიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეიძლება. წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ. წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 61 ათასზე მეტი ადამიანი (მათგან ერთი დოზით აცრილი – 51.139, ხოლო სრულად, ორი დოზით აცრილი – 9.512 პირია).

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.

ყველა ახალი ამბავი
0