სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სერიას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მთავარი გმირი, ხუთი შვილის დედა ნინა სიმსივნეს ებრძოდა და ყველასთვის მოულოდნელად დატოვა ოჯახი, შვილები და სამხრეთ ამერიკაში წავიდა, რათა დეპრესიას გამკლავებოდა. ბავშვებთან მარტო დარჩენილმა მამამ - დათომ გადაწყვიტა, საყვარელი, რომელმაც წლების წინ შვილი გაუჩინა, ნათია მოეყვანა სახლში და მასთან და ძიძასთან ერთად გაეზარდა ბავშვები.
ყველაფერი რომ თითქოს მოგვარდა და დალაგდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა მოულოდნელად ნინა – დაბრუნდა. სწორედ ამ ფაქტს, ნინას დაბრუნებას, საყვარლის შინ მიყვანას და ზოგადად დედის საქციელს, რომელმაც ოჯახი დატოვა და წავიდა, მოჰყვა უამრავი კომენტარი სერიალის გვერდზე. ათასობით კომენტარში ადამიანები გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს არა მხოლოდ ფილმის გმირებზე, არამედ ზოგადად ასეთი ტიპის ქცევაზე.
„ახლა გაგახსენდა ოჯახი და შენი ქმარი, ხომ?!“, „ზოგადად ნინას პერსონაჟი ძალიან მომწონს. ბევრ ქალშია ეგ რეალობა. ქმარს საყვარელი აპატია. შვილი საყვარლისგან აპატია. 5 შვილი გაუჩინა. თავისი ცხოვრება არც ჰქონია. ბევრ რამეზე დახუჭა თვალი. სიმსივნე ყველაზე ვერაგი დაავადება დაემართა და ქმარი არ ამოუდგა გვერდში. დიახ, უნდა წასულიყო, თორემ დროზე ადრე მოკვდებოდა“, „ოჯახური იდილია და... ჩინელების რაკეტა გოცირიძეების ოჯახში. ერთიც ღირსია რაც დახვდა და მეორეც - ახლა რომ გააბუნძულებენ. ნინა სახლში შესვლის ღირსიც არაა! ატანა არ მაქვს მისი პერსონაჟის, უსირცხვილო“, „შვილებს დედა უნდა! რა გჭირთ ხალხო, რა? როდის იყო დედის ადგილს ვინმე იკავებდა. ნინა მიხედავს თავის ბავშვებს დედით და ძიძით და დათო გადავა ნათიასთან საცხოვრებლად... ჭირი იქა, ლხინი-აქა“, – წერენ კომენტარებში.
მოგვიანებით მთავარი გმირების შემსრულებლებმა - ანა ტყებუჩავამ და ლევან ყოჩიაშვილმა სახალისო ვიდეოც გამოაქვეყნეს, თუ როგორ ბრუნდება ნინა თოფით ხელში.
„ჩემი ცოლის დაქალები“ „ფორმულა კრეატივის“ მიერ შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია, რომელიც „რუსთავი 2“-ზე 2011 წლიდან გადიოდა. „ფორმულა კრეატივმა“ 2019 წელს ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განაცხადა, სადაც ახლა მათი წარმოებული ყველა პროექტი გადის.