ფაშისტების თავდასხმის შესახებ ვასილ ლეონიძემ ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში შეიტყო. და მშვიდი სტუდენტური ცხოვრებაც ომის მძიმე დღებით შეიცვალა. სოფლის მეურნეობაში ჰიდრომელიორაციის განვითარების ნაცვლად, სტუდენტს უმკაცრესი გამოცდების გავლა მოუხდა.
როგორც ინსტიტუტის საიტზეა ნათქვამი, სტუდენტების ნაწილი მაშინ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში გადაისროლეს სამხედრო−საველე აეროდრომებისა და თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა−გამაგრებაზე. თავად სასწავლებლის კორპუსი კი რაღაც დროით საჯარისო ნაწილმა დაიკავა.
„პირველივე დღეებში წაგვიყვანეს შრომით ფრონტზე, — იხსენებს კენიგსბერგის აღებისთვის მედლით დაჯილდოებული ვეტერანი. — სატვირთო მატარებლით გაგვგზავნეს ბელორუსიაში, გაჩერების გარეშე. მინსკში ნიჩბები მოგვცეს და მდინარე დესნას ნაპირებზე ტანკსაწინააღმდეგო თხრილების მოწყობა დაგვავალეს. სამი თვე ვთხრიდით და ყოველდღე ვხედავდით, როგორ მიემგზავრებოდნენ დაჭრილი მეომრები აღმოსავლეთისკენ. მოსკოვში სექტემბერში დავბრუნდით.
გვითხრეს, თქვენი ინსტიტუტი ევაკუაციაში წავა ტაშკენტშიო. მსურველებს დარჩენა და უმაღლეს სამხედრო ინსტიტუტში სწავლის განგრძობა შეეძლოთ. მეც ეს ავირჩიე. მაგრამ მოსკოვში დიდხანს არ გაგვაჩერეს. ორასამდე ბიჭი ჯერ ლენინგრადში გაგვგზავნეს, იქიდან კი ჩელიაბინსკის — საავიაციო სასწავლებელში. იქ ერთი წელი დავყავით, მერე კი, უკვე უმცროსი ლეიტენანტის ჩინით, სხვებთან ერთად გამიშვეს მოქმედ არმიაში პირველი ბელორუსიული ფრონტის შემადგენლობაში. ომის დამთავრებას პოლონეთში შევხვდი“.
ვასილ ლეონიძე ავიატექნიკოსად მსახურობდა 105-ე საავიაციო პოლკში. საბრძოლო ანგარიშის თანახმად, 1942 წლის 4 ნოემბრიდან 1945 წლის 19 ივნისამდე, პოლკმა 61 892 გაფრენა განახორციელა, რაც საერთო ჯამში 70 491 საათს უდრის. აქედან 9742 საათი ღამის გაფრენები იყო. ავიაციით გადაყვანილი იყო 21 398 დაჭრილი, ჰოსპიტლებს ქვეყნის სირღმიდან 125 ტონა კონსერვირებული სისხლი და 35 ტონა მედიკამენტები მიეწოდა. ფრონტისთვის საჭირო სხვა ტვირთების რაოდენობამ კი საერთო ჯამში 700 ტონაზე მეტი შეადგინა. რაც შეეხება ფოსტასა და სხვადასხვა სახის ლიტერატურას, მისმა რაოდენობამ 17 688 ტონა შეადგინა. პოლკის შეიარაღებაში სატრანსპორტო თვითმფრინავები შედიოდა, თუმცა ისინი ღამის ბომბდამშენებადაც გამოიყენებოდა.
„მე ოთხძრავიან თვითმფრინავს ვემსახურებოდი — P-8−ს, რომელიც მოგვიანებით ჩამოწერეს. მე სულ რამდენიმე საბრძოლო გაფრენა მქონდა, იმიტომ რომ ტექნიკოსი ვიყავი. 1944 წელს ჩვენმა პოლკმა ამერიკული „ბოინგები“ მიიღო“, — ამბობს ბატონი ვასილი.
ვეტერანის თქმით, საავიაციო პოლკში მასთან ერთად სხვა ქართველებიც მსახურობდნენ. ომის დამთავრების შემდეგ პოლკი კვლავ სამოქალაქო საჰაერო ფლოტს გადაეცა და ბატონი ვასილიც მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდა. ჰიდრომელიორაციული ინსტიტუტი დაამთავრა და თბილისში მელიორაციის სამინისტროში დაიწყო მუშაობა. სარწყავ სისტემებს აპროექტებდა, იყო რამდენიმე სარწყავი სისტემის მთავარი ინჟინერი... მოკლედ, მთელი ცხოვრება, 90−იან წლებამდე, სპეციალობით მუშაობდა.
ვასილ ლეონიძე ახლაც ხშირად იხსენებს სტუდენტურ წლებს. სათუთად ინახავს გამოსაშვებ ფოტოალბომს, ბევრი პედაგოგისა და თანაკურსელის სახელი ახლაც ახსოვს.
საუბრის ბოლოს ვეტერანმა ახალ თაობებს უსურვა, რომ მათი სტუდენტური წლები არასდროს შეწყვიტოს ომმა.