თბილისი, 9 მაისი - Sputnik. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მსოფლიო საქველმოქმედო მარათონს Wings for Life World Run 2021 დღეს საქართველოშიც გაიმართა.
„ირბინე მსოფლიოსთან ერთად! შეუერთდი გლობალურ მოვლენას!“ - ამ სლოგანით გაიმართა დღეს ეს სპორტული ღონისძიება, რომელიც ექვს კონტინენტს ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს – გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი.
საქველმოქმედო მარათონში, ჩვეულებრივ, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მორბენლებს, ისე მოყვარულებს, ასევე შშმ პირებს. მთავარი პირობაა — ასაკი 18 წელს ზემოთ. ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანი იყო (8 ევრო), ტრადიციულად, შეგროვებული თანხა ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 18 წელს ზევით სპორტსმენები, მოყვარულები, ეტლით მოსარგებლეები – როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის სახელით.
საქართველოში გარბენში 180-მდე მონაწილე დარეგისტრირდა და რამდენიმე ლოკაციაზე ირბინეს, რომლებიც თავადვე შეარჩიეს.
ფიტნეს ინსტრუქტორი ნინო გოგუაძე მსოფლიო რბენაში 2015 წლიდან მონაწილეობს. მისი გუნდის, Ninikushka’s team-ს წევრებმა კუს ტბის ბილიკებზე ირბინეს, მათ შორის – მომღერალმა და პირველი არხის გადაცემა „ახალი დღის“ ტელეწამყვანმა ელენე კალანდაძემ და მორაგბემ, სოსო მათიაშვილმა. გიორგი დანელიას გუნდმა GD Squad-მა ლოკაციად „დინამო არენა“ შეარჩია, სადაც მის გუნდს ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი შეუერთდა. გიგა ძულიაშვილის და 2019 წლის კახეთის რბენის გამარჯვებულის, გაიანე უსტიანის გუნდმა Georgia-Rustavi-Jandari Lake ირბინა რუსთავში, ჯანდარის ტბის შორიახლოს.
მსოფლიო რბენის სხვა კეთილი ნების ელჩებმა ინდივიდუალური გარბენისთვის შემდეგი ლოკაცია შეარჩიეს: მოცურავემ, მსოფლიო ჩემპიონმა ბიატლსა და ტრიატლში ჰენრი კუპრაშვილმა – ლისის ტბა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა მირიან ჯეჯელავამ – დიღმის ტყე-პარკი, წიგნის გამომცემელმა და გადაცემა „ბიბლიოთეკის“ წამყვანმა მარი კორინთელმა – ბათუმის ბულვარი.
Wings for life world run მსოფლიო საქველმოქმედო მარათონის უნიკალურობა ისაა, რომ მასში არც საფინიშო ხაზია და არც დროით შეზღუდვა. არის მხოლოდ ერთი წესი: მორბენალს არ უნდა წამოეწიოს სპეციალური „საფინიშო მანქანა", რომელიც დისტანციაზე სტარტის გამოცხადებიდან 30 წუთის შემდეგ გადის და 15-25 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. მონაწილე, რომელსაც „საფინიშო მანქანა" დაეწევა, წყვეტს სირბილს და მას საწყის წერტილზე სპეციალური ავტობუსით დააბრუნებენ.
2014 წლიდან გარბენი კახეთში ტარდებოდა. შარშან საქველმოქმედო მარათონი Wings for Life World Run, რომელიც 3 მაისს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში გაუქმდა.