თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ორმა ქართველმა ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავემ – დათო ჩხარტიშვილმა (–60) და ბაკურ გოგოლმა (–77) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოპოვება ვერ შეძლეს.
სოფიაში (ბულგარეთი) დასკვნით ოლიმპიურ სალიცენზიო ტურნირზე, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად შეჯიბრების ფინალში გასვლა იყო საჭირო. ეს ვერც ერთმა ქართველმა სპორტსმენმა ვერ მოახერხა.
გოგოლმა მეოთხედფინალში ბულგარელ აიკ მნაცაკიანთან წააგო (2:6), ხოლო ჩხარტიშვილმა ნახევარფინალში რუმინელ ვიქტორ ჩობანთან (1:2).
ეს ნიშნავს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ექვსიდან მხოლოდ ოთხ წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი: რამაზ ზოიძე (–67), ლაშა გობაძე (–87), გიორგი მელია (–97) და იაკობ ქაჯაია (–130).
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს თავისუფალ ჭიდაობაში, ტოკიოში ექვსიდან სამ კატეგორიაში წარდგებიან ქართველი სპორტსმენები: ავთანდილ კენჭაძე (–74), ელიზბარ ოდიკაძე (–97) და გენო პეტრიაშვილი (–125).
ზაფხულის 32–ე ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.