Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
მოწამენი: საბა სტრატილატი და მასთან 70 მხედარი
წმიდა მოწამენი: საბა სტრატილატი და მასთან 70 მხედარი (+272). წმიდა მოწამე საბა გუთთა ტომიდან იყო. სიმამაცისათვის მას სტრატილატის მაღალი წოდება უბოძეს. ის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) კარზე მსახურობდა.
საბა სიყრმითგან ქრისტიანი იყო და გულმოდგინედ იცავდა ქრისტეს მცნებებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ნახულობდა საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს. წმიდა და კეთილისმყოფელი ცხოვრებისათვის წმიდანმა უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო:
როცა იმპერატორმა გაიგო წმიდა საბას აღმსარებლობა, მოსთხოვა, განდგომოდაქრისტეს. მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი და მტკიცე უარი განაცხადა. წმიდანი სასტიკად აწამეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა.
მისი წამების მხილველი 70 მხედარი ქრისტეს სჯულზე მოექცა, რისთვისაც ისინი მაშინათვე სიკვდილით დასაჯეს.
წმიდა საბა საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დილით, ახალი წამების შემდეგ წმიდანი მდინარეში დაახჩვეს (+272).
მოწამენი: პასიკრატე და ვალენტინე
წმიდა მოწამენი - პასიკრატე და ვალენტინე (+228) მიზიის ქალაქ დოროსტოლიდან იყვნენ და მმართველი აბსოლანის კარზე მსახურობდნენ. პასიკრატე 22 წლისა იყო, ვალენტინე კი - ოცდაათის.
როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა პასიკრატემ და ვალენტინემ საჯაროდ აღიარეს ქრისტიანობა. სამსჯავროზე წმიდა პასიკრატემ აპოლონის კერპს შენერწყვა.
წმიდანის ძმა ტიროდა და ევედრებოდა მას, მოჩვენებით მაინც შეეწირა მსხვერპლი ბომონებისთვის, მაგრამ მოწამემ ქრისტესთვის სიკვდილი არჩია სიცრუით შენარჩუნებულ ამაო სიცოცხლეს. მოწამე ვალენტინემაც განაცხადა, რომ მზად იყო ქრისტესთვის აღსრულებულიყო.
ორივე წმიდანი მახვილით განგმირეს.
მოწამენი: ევსევი, ნეონი, ლეონტი, ლონგინოზი და სხვანი
წმიდა მოწამენი: ევსევი, ნეონი, ლეონტი, ლონგინოზი და სხვანი (+303) წმიდა გიორგის წამებას ესწრებოდნენ. დიდმოწამის შეურყეველმა სარწმუნოებამ ღვთის სასოება აღძრა მათში: წმიდანებმა ირწმუნეს და აშკარად აღიარეს ქრისტე, რისთვისაც საპყრობილეში ჩაყარეს.
წმიდა გიორგის სიკვდილით დასჯის შემდეგ დიოკლეტიანემ გამოსცა ბრძანება, ყველა პატიმარს მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. როცა ამაზე უარი განაცხადეს, სანატრელი მოწამეები ჯერ რკინის ჯოხებით ცემეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.
ღირსი თომა სალოსი
ღირსი თომა სალოსი (+დაახლ. 546-560) კაბადოკიის კესარიის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო. მას მონასტრისთვის შემოწირულობების შეგროვება დაავალეს. ამ მიზნით სირიის ანტიოქიაში ჩასულმა ნეტარმა მამამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა.
ერთ-ერთი ეკლესიის იკომონოს ანასტასის მობეზრდა ღირსი თომას ხელგაწვდილი სიარული და სილა გააწნა მას. ამ ამბის მხილველებმა ანასტასის უხეშობა უსაყვედურეს, მაგრამ ღირსმა თომამ დაამშვიდა ისინი და უთხრა: „ამიერიდან არაფერს მივიღებ ანასტასისაგან, ვერც ის შეძლებს ვერაფრის მოცემას“. ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. მეორე დღეს ანასტასი გარდაიცვალა, მონასტერში გამობრუნებული ღირსი თომა კი გზაში, ქალაქ დაფნის გარეუბანში, წმიდა ექვთიმეს ეკლესიაში აღესრულა. დაასაფლავეს უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოზე. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი თომას საფლავზე ქალი დამარხეს. ოთხი საათის შემდეგ მიწამ კუბო ამოაგდო. იგივე განმეორდა მიცვალებულის ხელახლა დაკრძალვის შემდეგაც და სხვა ქალის დასაფლავების დროსაც. მომხდარის შესახებ აცნობეს ანტიოქიის პატრიარქ დომნას (546-560). მისი კურთხევით ღირსი მამის ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს და ჩაასვენეს საძვალეში, სადაც მრავალ წმიდანის ნაწილები განისვენებდა. შემდგომ ამ ადგილას ააშენეს პატარა ეკლესია.
ღირსი თომასადმი აღვლენილი ლოცვებით ანტიოქიაში შეწყდა შავი ჭირის ეპიდემია. ამ დროიდან ანტიოქიელები ყოველწლიურად აღნიშნავდნენ წმიდა თომას ხსენების დღეს
ღირსი ელისაბედ საკვირველთმოქმედი
ღირსი ელისაბედ სასწაულთმოქმედი (VII-VIII) უფლის მსახურებისათვის ჯერ კიდევ შობამდე იყო გამორჩეული. მის დედას ჰქონდა გამოცხადება, რომ ჩვილი იქნებოდა რჩეული ჭური სულიწმიდისა.
გოგონა ბავშვობიდანვე მონასტერში იზრდებოდა. წმიდა ცხოვრებით გამორჩეულმა უფლისგან ხორციელ და სულიერ სნეულებათა კურნების ნიჭი მიიღო და ბოლოს იღუმენიად აირჩიეს.
წმიდა ელისაბედმა მრავალი სასწაული აღასრულა: ლოცვით განგმირა გესლიანი გველი, განკურნა სისხლმდინარე ქალი, რომელიც მრავალი წელი იტანჯებოდა, განასხმიდა ბოროტ სულებს. სიკვდილის შემდეგ წმიდანის საფლავი კურნავდა სნეულებს. მისი წმიდა ნაწილებიდან აღებულმა მტვერმაც კი თვალები აუხილა ბრმას.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით