თბილისი, 7 მაისი — Sputnik. აშშ არ აპირებს განბლოკოს ირანის სანქცირებული აქტივები ცალმხრივი ჟესტის სახით, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.
Reporting suggesting we are weighing the release of Iranian funds as a unilateral gesture to Tehran is not true, which we made clear prior to publication. As we have said, any substantial move by the U.S. would have to be part of a process in which both sides take actions.
— Ned Price (@StateDeptSpox) May 6, 2021
მანამდე ტელეარხმა CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები, ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებების ფონზე, ერთი მილიარდი დოლარის აქტივებზე სანქციების მოხსნას გეგმავს, რომელთა გამოყენებასაც თეირანი ჰუმანიტარული მიზნებით შეძლებს.
„ინფორმაცია, თითქოს ჩვენ ირანის გაყინული აქტივების აღდგენის საკითხებზე ვმსჯელობთ ცალმხრივი ჟესტის სახით, სინამდვილეს არ შეესაბამება... როგორც ადრე ვთქვით, აშშ-ის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა იყოს პროცესის ნაწილი, რომელშიც ორივე მხარე მონაწილეობს“, — დაწერა პრაისმა Twitter-ზე.
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში უკვე რამდენიმე კვირაა რეგულარული სხდომები იმართება ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მათ შორის, არაფორმალური შეხვედრებიც. ამ დროისათვის შექმნილია სამი საექსპერტო ჯგუფი. აქედან ორი კონკრეტული ნაბიჯების მოძიებაზე მუშაობს, რომლებიც აუცილებელია თეირანისა და ვაშინგტონისთვის, რათა ბირთვული შეთანხმება სრულად აღდგეს. მესამე ჯგუფის ამოცანა კი ამ ნაბიჯების თანმიმდევრობის შეთანხმებაა.
ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარე კვირის სამშაბათს დაიწყო. მომდევნო სხდომა დღეს, 7 მაისს იგეგმება.