კერვალიშვილი: როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა
„საპატიმროში შესვლა ჩემთვის განსაკუთრებული განცდა იყო – ჩვენი ოთახის კუთხეში იჯდა მაია. როდესაც კარები დაიხურა, მომეცა საშუალება, მასთან მივსულიყავი. ამას ვნატრობდი მთელი 9 თვის განმავლობაში. მაიას წინაშე დანაშულის შეგრძნება მქონდა, რადგან ჩვენ ერთად ვაკეთებდით საქმეს. პირველი შეგრძნება მქონდა ასეთი: „მაია, მე მოვედი, ჩვენ ერთად ვართ“. მაია დაფეთებული დამხვდა, მოულოდნელი იყო მისთვის ჩემი დაკავება“, – იხსენებს რუსუდან კერვალიშვილი.
დებს – სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ დამფუძნებლებს რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს 2004–2009 წლებში ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88"-ის მენაშენეთა თანხებიდან 11 მლნ ლარის მითვისებისთვის 4–4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. კერვალიშვილი 2017 წლის 31 მარტს სასამართლო დარბაზში დააკავეს. რჩეულიშვილი კი იმ დროისთვის უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა სხვა საქმეზე – აჭარაში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას თანხების მითვისებაზე.
კერვალიშვილმა ოთხწლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წლის 30 მარტს დატოვა.