თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს 69 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდა, უპირატესობას Pfizer-ის პრეპარატს ანიჭებს.
ამ დროისათვის პორტალზე დარეგისტრირებულია 74.345 ადამიანი.
Moderna-ს ვაქცინით აცრის სურვილი გამოთქვა 31.420-მა ადამიანმა, AstraZeneca-ს ირჩევს 14.767. საკუთარი არჩევანი Johnson&Johnson-ზე შეაჩერა 8.943-მა, Novavax-ზე – 6.038-მა, ხოლო Biotech Co-ზე – 1.179-მა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აამოქმედა წინასწარი რეგისტრაციის პორტალი, რომლის მიზანია ჯანდაცვის უწყებამ სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღოს ინფორმაცია COVID-19-ზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
პორტალზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა და სასურველი ვაქცინის შერჩევა. რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.
შემოთავაზებული ვაქცინების სიიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეიძლება.
Sinopharm-ით ვაქცინაცია შესაძლოა პოლიკლინიკებშიც განხორციელდეს>>
წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ. წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში 15 მარტს დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოში 51,6 ათასი ადამიანია აცრილი.