თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთში პირველი მედალი აიღო – ლუხუმ ჩხვიმიანმა ყაზანის გრანდ–სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ლუხუმ ჩხვიმიანმა (–60 კგ) ყაზანში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო და პირველ ეტაპზე კამერუნელ მეტოქეს ბერნარდინ ცალას აჯობა. ამის შემდეგ ლუხუმმა პორტუგალიელი როდრიგო კოშტა ლოპესის, ჩეხი დავიდ პულკრაბეკსა და რუსი რამაზან აბდულაევის ბარიერი დაძლია.
ფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე იყო. ჩხვიმიანმა მეტოქეს დამატებით დროში შებოჭვის შედეგად აჯობა და ოქრო მედალს დაეუფლა.
ყაზანის გრანდ–სლემზე ჩხვიმიანთან ერთად საქართველოს სახელით დღეს ბაგრატ ნინიაშვილი (–66 კგ) და ტატიანა ლევიცკა–შუკვანი (–52 კგ) ასპარეზობდნენ. ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ყაზახ იესეტ კუანოვთან დათმო. დასანანი მარცხი განიცადა ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (–52 კგ), რომელიც საწყის ორთაბრძოლაში შვეიცარიელ ფაბიენ კოხერს ვაზარით უგებდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მესამე შიდო (გაფრთხილება) მიიღო და ტურნირს გამოეთიშა.
გრანდ–სლემზე მომდევნო დღეებში საქართველოს ნაკრების სახელით გამოვლენ: ნუგზარ ტატალაშვილი, ლუკა კაპანაძე (ორივე –73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ), იმედა გოგოლაძე, ლუკა მაისურაძე (ორივე –90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).
ყაზანის გრანდ–სლემმა სტარტი დღეს აიღო და 7 მაისს დასრულდება.