თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ევროკომისია მიმართავს ევროკავშირს, შესუსტდეს წევრ ქვეყნებში შესვლაზე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები, ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
„კომისია სთავაზობს წევრ ქვეყნებს, შეუსუსტონ მიმდინარე შეზღუდვები ევროკავშირში არააუცილებელ მოგზაურობაზე — გამომდინარე ვაქცინაციის წარმატებული კამპანიიდან და გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან“, — აცხადებენ ევროკომისიაში.
ამასთან ევროკომისიაში ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირში შესვლა უნდა შეძლონ არა მარტო იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებშიც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, არამედ ყველა იმ პირმა, ვისაც ევროკავშირში დაშვებული ვაქცინის ბოლო დოზა აქვს გაკეთებული, სულ მცირე, საზღვრის გადაკვეთამდე 14 დღით ადრე.
გარდა ამისა, უფლება შეიძლება გავრცელდეს იმ ვაქცინებზეც, რომლებმაც უკვე დაასრულეს ჯანმოს სერტიფიკაციის პროცესი საგანგებო ვითარებაში გამოყენებასთან დაკავშირებით.
ამასთან იმ ბავშვებს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში არ არიან ჩართული, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმოგზაურონ ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად, თუ მათ COVID-19−ზე PCR−ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ. ტესტი დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე 72 საათით ადრე უნდა იყოს გაკეთებული.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში ევროკომისია ითვალისწინებს ევროკავშირში მესამე ქვეყნებიდან შესვლის შეჩერების შესაძლებლობასაც.