ფილმი ქვეყანაზე, რომელიც რუკაზე აღარ არის...

© photo: courtesy of Nana Janelidzeრეჟისორი ნანა ჯანელიძე
რეჟისორი ნანა ჯანელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
გამოწერა
ინტერვიუ, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ხუთი წლის წინ გამოქვეყნდა... დღეს კიდევ ერთხელ გვინდა გავიხსენოთ სულ ახლახან გარდაცვლილი დიდი ქართველი მსახიობი...

მე არტისტი ვარ! - ასე იწყებს მსახიობი კახი კავსაძე რეჟისორ ნანა ჯანელიძის მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს „ნეტავი იქ თეატრი არის?“

ფილმის მთხრობელიც და მთავარი როლის შემსრულებელი თავად ბატონი კახია, რომელიც კავსაძეების ოჯახის ტრაგიკულ ამბავს მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობით და ემოციურად ყვება.

ფილმში ერთი რეპრესირებული ოჯახის თავგადასავალი, ამავე დროს ერთი დიდი ქვეყნის ისტორიაა, იმ ქვეყნის, რომელიც მსოფლიო რუკიდან გაქრა. ალბათ სულ ცოტა დროც დარჩა და ეს ქვეყანა უკვე აღარც ადამიანთა მეხსიერებაში იარსებებს… ფილმმა საფრანგეთსა და მოსკოვში არაერთი ჯილდო მიიღო. აპრილის თვეში იგი ლონდონის მაყურებელმა იხილა.

ჩვენ დავუკავშირდით ფილმის რეჟისორს ნანა ჯანელიძეს, რათა მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ მნიშვნელოვანი ნამუშევრის შესახებ.

– ქალბატონო ნანა, თქვენი ფილმი „ნეტავ იქ თეატრი არის?“ ყველა ქვეყნის მაყურებლისთვის აქტუალური და საინტერესოა, ფილმი ლონდონის მაყურებელმაც იხილა…

— დიახ, ლონდონის მაყურებელმა ინტერესით მიიღო ჩვენი ფილმი. მინდა თქვენს მკითხველს შევახსენო ის, თუ როგორ დაიბადა ამ ფილმის შექმნის იდეა. პირველად კავსაძეების ისტორია ბატონი კახის საღამოზე მოვისმინე და მივხვდი, რომ ამის შესახებ უფრო ფართო აუდიოტორიას უნდა სცოდნოდა და მასზე აუცილებლად უნდა გადამეღო ფილმი. მაშინვე დავუკავშირდი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს და ვუთხარი, რომ ამ სიუჟეტის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ისიც მაშინვე დამეთანხმა. ეს მართლაც არ არის მარტო კახის ისტორია, ეს მთელი ქვეყნის ისტორიაა, რომელსაც ეს ნიჭიერი მსახიობი ძალიან ხატოვნად და საინტერესოდ ყვება. კახი აღმოჩნდა ჩვენი დროის ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟი და ყველაფერ იმის სიმბოლო, რაც 30-იან წლებში დაბადებულ ადამიანებს გადახდათ თავს, მათ, ვინც ბავშვობა საბჭოთა კავშირში გაატარა… 

© კ. კავსაძის არქივიკადრი ფილმიდან „ნეტავი იქ თეატრი არის?“
ფილმი ქვეყანაზე, რომელიც რუკაზე აღარ არის... - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
კადრი ფილმიდან „ნეტავი იქ თეატრი არის?“

– ეს ფილმი საქართველოში გარკვეული მიზეზების გამო თაროზე იყო შემოდებული… 

— დიახ, ასეა, მინდა აღვნიშნო ამ საქმეში საგანმანათლებლო ცენტრ,,ლანგეითის“ დამსახურებაცაა, სადაც თქვენი, როგორც ამ ცენტრის მაშინდელი ივენთ-მენეჯერის ინიციატივით 2012 წლის ნოემბრის თვეში ფილმის ჩვენება მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ქართველი და უცხოელი რეჟისორები, საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები და, რაც მთავარია, მასმედია, რომელმაც ეს ფაქტი მაშინ აქტიურად გააშუქა. ამის მერე იგი უკვე ფართო მაყურებელმაც იხილა. ჩემი აზრით, ეს მხატვრული-დოკუმენტური სურათი ყოველ დროში და ხშირად უნდა იხილოს მაყურებელმა, რათა არ დაივიწყოს, რას ნიშნავს საბჭოთა რეპრესიის საშინელება და ის, თუ რა უბედურება მოაქვს ომს კაცობრიობისთვის…

შეგახსენებთ, რომ ფილმის სცენარი ეკუთვნით ნანა ჯანელიძესა და ნინო ნატროშვილს და ის კახი და იმერი კავსაძეების მონათხრობის მიხედვით დაიწერა. ფილმის კომპოზიტორი მიშა მდინარაძეა, პროდიუსერები – ნანა ჯანელიძე და ირაკლი ტრიპოლსკი. ფილმმა „ნეტავი იქ თეატრი არის?“ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე ნომინაციებში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“ არაერთი ჯილდო დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0