თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, აღდგომის დღესასწაულებზე აუცილებელი რეკომენდაციები სათანადოდ დაიცვან.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სააღდგომო დღესასწაულებზე კოვიდ–შეზღუდვები დააწესა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით.
„ერთადერთი ყველაზე შესამჩნევი შეზღუდვა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და ისმის კრიტიკული შენიშვნები, არის აღდგომის დღეებში საფლავზე გასვლაზე დაწესებული შეზღუდვა“, - განაცხადა მან.
ეპიდემიოლოგმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის გამოყენებაზე.
„სასიხარულოა, რომ ქვეყანაში პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 40%-დან 70%-მდე ავიდა. მოსახლეობის სრულ ვაქცინაციამდე, ინფიცირებისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება პირბადე და სოციალური დისტანციის დაცვაა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 2 მაისს ზეიმობს. აღდგომის ღამეს ყველა ტაძარში წირვა აღევლინება.
ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები აღდგომის ღამეს შემსუბუქდება – „კომენდანტის საათი“ 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს (სწორედ ამ დროს ეკლესიებში საზეიმო ღვთისმსახურება იმართება).
გასულ წელს, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მორწმუნეებს მისცეს სააღდგომო წირვაზე დასწრების უფლება, მაგრამ „კომენდანტის საათი“ ძალაში დარჩა. მიუხედავად ამისა, ბევრმა მორწმუნემ აღდგომის ღამე შეზღუდვის მოქმედების პერიოდში ტაძრებში გაათენა.