ვაკის პარკის რეაბილიტაცია სავარაუდოდ წლის ბოლოს დასრულდება

© Sputnik / Alexander Imedashviliვაკის პარკი
ვაკის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
სამუშაოების პროცესში ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი შეუნარჩუნდება.

თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. ვაკის პარკის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება, ამის შესახებ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ვაკის პარკში სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში მთლიანად უნდა შეიცვალოს მიწისქვეშა საკომუნიკაციო, სანიაღვრე სისტემა, განახლდეს მწვანე საფარი და პარკის ინფრასტრუქტურა.

გიგაშვილის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, რის შემდეგაც დაიწყება მოპირკეთებითი სამუშაოები.

კუს ტბა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
კახა კალაძე: კუს ტბა უფრო მიმზიდველი გახდება

„პარალელურად მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობა, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მთლიანად შეიცვლება“, - განაცხადა გიგაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ვაკის პარკის ისტორიული ვიზუალური ნაწილი 100%-ით აღდგება და უცვლელად შენარჩუნდება.

„ძალიან მასშტაბური სამუშაოებია, ვინაიდან პარკი 19 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს, თუმცა მაქსიმალური ძალისხმევით ვცდილობთ, რომ პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდეს და მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

ვაკის პარკი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი რეკრეაციული ზონაა, რომლის ცენტრალურ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ვაკის პარკი 1946 წელს გაიხსნა. 2017 წელს ვაკის პარკის ტერიტორია გაფართოვდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. ვაკის პარკს კუს ტბის ტერიტორია შემოუერთდა და მისი საზღვრები 18-დან 34 ჰექტრამდე გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0