თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგით 35-ე ადგილი) მიუნხენში АТР-250-ს სერიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
მეორე წრის მატჩში ბასილაშვილმა ორ სეტში - 6:4, 6:2 - კოლუმბიელ გალან რივეროსს (115) მოუგო. შეხვედრა ერთ საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ძალიან დამაჯერებელი თამაში აჩვენა და ოთხი ბრეიკი გააკეთა. ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა მნიშვნელოვნად აჯობა მეტოქეს მეორე ჩაწოდებაზე აღებული ბურთებით - 60 პროცენტი რივეროსის 29-ის წინააღმდეგ.
ნახევარფინალში გასვლაზე ბასილაშვილი დაუპირისპირდება ნორბერტ გომბოშს (95), რომელმაც ასევე ორ პარტიაში (6:4, 6:1) ფედერიკო კორიას (არგენტინა) მოუგო. ბასილაშვილი და გომბოში აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - 2020 წელს ავსტრიაში გამართულ ტურნირზე. მაშინ გამარჯვება სლოვაკმა ჩოგბურთელმა იზეიმა (7:6, 6:2).
BMW Open-ის მეოთხედფინალში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და საპრიზო თანხიდან 8 ათას ევროზე მეტი გამოიმუშავა.
BMW Open-ის საერთო საპრიზო ფონდი 481 ათას ევროს შეადგენს და მისი მოქმედი გამარჯვებული არის კრისტიან გარინი ჩილედან.