თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტროტურიზმის პოპულარიზაციაზე მუშაობას შეუდგა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტრონომიულ ასოციაციასა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს–ასოციაციასთან ერთად საქართველოს რეგიონებში გასტრონომიულ ტურებს აწყობს.
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონული სამზარეულოების გასტრონომიული მარშრუტების შექმნა და პოპულარიზება, არამატერიალური კულტურული ფასეულობების წარმოჩენა,შიდა ტურიზმის სტიმულირება და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.
პირველი გასტროტური იმერეთში გაიმართა. ტურში მონაწილეობდნენ დაახლოებით 20 შეფ-მზარეული, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, გასტრო–მიმართულების ბლოგერები, ინფლუენსერები.
ექსკურსიის დროს გამოცდილი მზარეულები მასპინძლებს კერძის მომზადებაში დაეხმარნენ, თავადაც გაეცნენ ადგილობრივ რეცეპტებს, ხოლო შემდგომ თავიანთი ხედვით გააფორმეს კერძები სტუმრებისთვის წარსადგენად.